პროფესორი გიგა ზედანია Facebook-ზე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და პარალელს ავლებს უნგრეთში 2022 წელს ჩატარებულ არჩევნებსა და საქართველოში 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებს შორის.
გიგა ზედანიას თქმით, ვიქტორ ორბანის ელექტორალური თამაშები დემოკრატიისთვის გამანადგურებელია, მაგრამ უნგრელ ამომრჩეველს დასავლეთთან საბოლოო დაცილებისა და ეგზისტენციალური საფრთხის გაცდას არ უქმნის, რადგან უნგრეთი უკვე ევროკავშირისა და NATO-ს წევრია.
გიგა ზედანიას პოსტი ვრცლად:
"წააგებს თუ არა "ქართული ოცნება" არჩევნებს?
პროგნოზი სარისკოა - უმეტეს შემთხვევაში ასეთი ტიპის წინასწარმეტყველება უფრო პროგნოზისტის სურვილებსა და შიშებს ასახავს ხოლმე, ვიდრე მომავალ რეალობას.
ამიტომ დავეყრდნოთ ერთ ანალოგიას - 2022 წლის აპრილში ორბანის "ფიდესმა" ზედიზედ მეოთხეჯერ მოიგო საპარლამენტო არჩევნები უნგრეთში. ეს უბრალო ანალოგია არ არის - საქართველოს მმართველმა პარტიამ სწორედ "ფიდესის" სტრატეგია აირჩია სახელმძღვანელო მოდელად, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ორი ქეისის ერთმანეთთან შედარებამ შეიძლება აზრიანი პასუხი მოგვცეს ჩვენს შეკითხვაზე - თუ "ფიდესმა" არჩევნები ინსტრუმენტების გარკვეული რაოდენობის გამოყენებით მოიგო, ხოლო "ქართულ ოცნებას" ეს ინსტრუმენტები ხელთ არ აქვს და ან მათი გამოყენება დანიშნულებისამებრ არ შეუძლია, დასკვნა, მაღალი ალბათობით, იქნება - კი, წააგებს.
მაშ, ასე - რა ინსტრუმენტების გამოყენებით მოიგო "ფიდესმა" ზედიზედ მეოთხე არჩევნები საკონსტიტუციო უმრავლესობით?
1. უნგრული საარჩევნო სისტემა შერეულია: პროპორციული და მაჟორიტარული. ამ სისტემის გამო მოგებულ პარტიას ემატება დიდი 'ბონუსი' მაჟორიტარების სახით, რაც მისი მმართველობის ურყევობის გარანტია.
საქართველოში ეს სისტემა პირველად შეიცვალა წლევანდელი არჩევნებისთვის. ეს ძალიან ცუდია სახელისუფლებო პარტიისთვის - აქამდე ყველა რეჟიმი სწორედ ამ შერეულ სისტემას ეყრდნობოდა, რომლის გამოც პარლამენტში აღმოჩნდებოდნენ ხოლმე მაჟორიტარები, რომელთა მთავარი ინტერესი საკუთარი ბიზნესის ლობირება იყო და არა - პოლიტიკური ძალაუფლება. ეს იყო უზარმაზარი დანამატი ნებისმიერი პარტიისთვის, რომელსაც ჩვეულებრივი უმრავლესობა ჰქონდა მოპოვებული. მაგრამ წელს ის აღარ იქნება;
2. უნგრეთში ორბანის პარტია აკონტროლებდა ყველა ძირითად სატელევიზიო მედია-საშუალებას. დიახ, ყველას. ოპოზიციისათვის ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ და მხოლოდ ბუდაპეშტის ადგილობრივი არხი. ამან ძალიან შეუშალა ხელი ოპოზიციას თავისი მესიჯის მიტანაში ამომრჩევლამდე.
საქართველოში კი სამი ოპოზიციურად განწყობილი ნაციონალური მასშტაბის ტელევიზია ფუნქციონირებს.
"ოცნებაში", სავარაუდოდ, სამართლიანად ფიქრობდნენ, რომ ეს ტელევიზიები უშუალოდ ძალაუფლებას ვერ დაუმუქრებოდნენ, მაგრამ ტელევიზიიდან მომავალი საფრთხე სხვა ტიპისაა - როგორც კი ხდება კრიზისი, ხელისუფლებისაგან თავისუფალი, ოპოზიციური მედია ამ კრიზისის შეუდარებლად აძლიერებს. ეს არჩევნები კრიზისულია და ოპოზიციური პარტიების მესიჯი ამომრჩევლამდე უპრობლემოდ მიდის (დიახ, ავტორიტარიზმის დამყარებასაც თავისი ლოგიკა აქვს: ჯერ მედიები უნდა მოაშთო, შემდეგ - ენჯიოები, არავითარ შემთხვევაში - პირიქით);
3. უნგრეთში ოპოზიციური პარტიები ერთიან კოალიციად გავიდნენ არჩევნებზე. ამან სინერგიის ეფექტის მაგივრად ზუსტად საპირისპირო შედეგი მოიტანა - ოპო რადიკალური მემარჯვენე პარტიის ამომრჩეველმა ხმა საბოლოოდ მმართველ პარტიას მისცა.
საქართველოში გაერთიანების ასეთი სცენარი არ შედგა, რაც ოპოზიციის შანსებს უფრო ზრდის, ვიდრე ამცირებს;
4. ორბანმა წარმატებით გამოიყენა რუსეთის მიერ ახალდაწყებული ომი უკრაინის წინააღმდეგ. რუსის ჯარის შეჭრიდან სულ რაღაც ერთი თვე იყო გასული, შოკი იმის თაობაზე, რომ 'ისტორია დაბრუნდა' - ჯერ კიდევ ძლიერი. ამ კონტექსტში ორბანი პოზიციონირებდა, როგორც აგრესორის ერთადერთი მეგობარი დასავლეთში, რაც, სავარაუდოდ, ამომრჩეველში სულმდაბლურ, მაგრამ პრაგმატულ იმედს აკავშირებდა მასთან.
ომიდან უკვე ორწელიწადნახევარია გასული. ახლა იმდენად ის კი აღარ გვიკვირს, რომ დასავლეთმა რუსეთი ვერ შეაჩერა, რამდენადაც ის, რომ რუსეთმა უკრაინასთან ვერაფერი გააწყო. შიში, რასაკვირველია, დარჩა, მაგრამ, ასე ვთქვათ, გაიცრიცა;
5. ლგბტ-სთან დაკავშირებული კანონიც უნგრეთის სკრიტპიდან აქვს გადაღებული "ქართულ ოცნებას". ორბანმა ეს კანონი რეფერენდუმზეც კი გაიტანა, რომელიც არჩევნებთან ერთად დანიშნა. ოღონდ რეფერენდუმზე კანონი ჩავარდა. მან სხვა როლი შეასრულა - ოპოზიციური კოალიციის ამომრჩეველი გაყო ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის.
ამის საპირისპიროდ, ანალოგიური კანონის ქართული ოპოზიციის წინააღმდეგ გამოყენება არც იყო დაგეგმილი, ხოლო ხალხის მობილიზაციისათვის მისი შესაძლებლობები უაღრესად შეზღუდულია (ისევე როგორც უნგრეთში).
ერთიცაა: ორბანის ელექტორალური თამაშები დემოკრატიისათვის გამანადგურებელია, მაგრამ უნგრელ ამომრჩეველს დასავლეთისაგან საბოლოო დაცილებისა და ეგზისტენციური საფრთხის განცდას არ უქმნის: უნგრეთი უკვე ევროკავშირის წევრიცაა და ნატოსიც.
აქაც დიდი განსხვავება გვაქვს სახეზე", - წერს ის.